პოლიტიკური მოძრაობა დროა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოსგან კატეგორიულად მოითხოვს დაუყოვნებლივ იმოქმედოს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და შეასრულოს, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე გაეროს მიერ დაკისრებული ვალდებულებები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უგულებელყოფს პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს, მათ უფლებებს და პირდაპირ უარს ამბობს გაეროს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე.
"საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები უკვე მეორედ არ შეუშვეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში.
წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო უგულებელყოფს პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს, მათ უფლებებს და პირდაპირ უარს ამბობს გაეროს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება. კომიტეტმა სახელმწიფოს დაავალა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მდგომარეობის დაუყოვნებლივი შემოწმების უზრუნველყოფა.
ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. მაღალი სასულიერო იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ შეუშვებენ ომბუდსმენის წარმომადგენლებს დაწესებულებაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრიარქო არ აღიარებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ხელს აფარებს საპატრიარქოს. საბოლოო ჯამში, ასეთ მახინჯ პრაქტიკას ეწირება 60-მდე ბავშვის უსაფრთხოება, რადგან ცნობილია, რომ პანსიონი ვერ აკმაყოფილებს მსგავსი დაწესებულების ლიცენზიისთვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს.
პოლიტიკური მოძრაობა “დროა” კატეგორიულად მოითხოვს სახელმწიფოსგან, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და შეასრულოს, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე გაეროს მიერ დაკისრებული ვალდებულებები", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის განცხადებით, მისი წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ისევ არ შეუშვეს.
მათი ცნობით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად, ხელმძღვანელის მითითება დასახელდა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ასევე, იყვნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში, თუმცა იქ პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ.
სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონის მონიტორინგი მიმდინარე წლის 15 აპრილსაც ვერ მოახერხა.
ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა - დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.